ჩინეთიდან ჩამოსულ გოგოს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

 დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის  პაატა იმნაძის განცხადებით, 22 წლის გოგოს, რომელიც ჩინეთიდან 16 იანვარს ჩამოვიდა და ვირუსული ინფექციის ნიშნები გამოუვლინდა, კორონავირუსი არ აქვს და არც ერთი საერთაშორისო სტანდარტით, კორონავირუსის შესაძლო ან საეჭვო შემთხვევად არ ითვლება.

მისივე ინფორმაციით, გოგო ,რომელიც საქართველოს მოქალაქეა, სამშობლოში ჩინეთის ერთ-ერთი პროვინციიდან იმ დროს დაბრუნდა, როდესაც უხანის გარდა, ჩინეთის არც ერთ სხვა ქალაქსა და პროვინციაში ახალი კორონავირუსი დაფიქსირებული არ ყოფილა.

პაატა იმნაძის თქმით, გოგონას ვირუსული ინფექცია ოჯახის წევრებისგან გადაედო. პაციენტი სახლში მკურნალობს და მისი მდგომარეობა არ არის მძიმე.

კახეთის ერთ-ერთ სოფელში ჩინეთიდან ჩამოსული გოგონასთვის ვირუსული ინფექციის ნიშნების გამოვლინების შესახებ ინფორმაცია ,რამდენიმე მედიასაშუალებაში გავრცელდა.