ცეცხლი შარტავაზე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში გაჩნდა

შარტავას N19-ში საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ნარჩენებს ცეცხლი წაეკიდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ტერიტორია ხმაურისა და დაპირისპირების მიზეზი არაერთხელ გამხდარა.

2015 წელს დავით ჯიქიას მერობის პერიოდში შარტავას N19 აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე კომერციული ობიექტის მშენებლობა ბიზნესმენმა ლიანა შუბითიძემ დაიწყო. კომერციული ობიექტის აშენებას ეწინააღმდეგებოდნენ ადგილობრივი მცხოვრებლები და მშენებლობის გაუქმების მოთხოვნით მოსახლეობა საპროტესტო აქციებს მართავდა. პარალელურად მერიის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საკითხზე მსჯელობა სასამართლოს სამივე ინსტანციაში მიმდინარეობდა. საბოლოოდ 2017 წლის 7 დეკემბერს უზენაესმა სასამართლომ საქმეზე განჩინება მიიღო, რომლის საფუძველზე ლიანა შუბითიძეს ადგილზე რაიმე სახის მშენებლობის განხორციელების უფლება არ მიეცა.

სასამართლო დავიდან რამდენიმე წლის შემდეგ რუსთავის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა გადათხრილი და მიტოვებულია. ქალაქის ცენტრალურ ქუჩას პირვანდელი სახე არ დაბრუნებია. წლებთან ერთად კი ტერიტორია ყოველდღიური საყოფაცხოვრებო ნარჩენებით ივსება. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი მოსახლეობა დახმარებასა და ადგილის გასუფთავებას ამ დღემდე უშედეგოდ ითხოვს.