ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა- შემთხვევა წყალტუბოში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი სანატორიუმის შენობაში, სადაც ამჟამად დევნილები ცხოვრობენ, ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით , ხანძარი გუშინ, გვიან ღამით რუსთაველის ქუჩაზე, ყოფილ სანატორიუმ „მეგობრობაში“ მოხდა.

მეხანძრეებს ერთ-ერთ ოთახში ცეცხლის ღია კერა დახვდათ. ხანძრის შედეგად, 65 წლამდე ასაკის ორი ქალი დაიღუპა.

მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოახერხეს და ხანძარი დანარჩენ ოთახებში არ გავრცელებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი უწყება. შენობიდან 35 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ადგილზე ოთხი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იმყოფებოდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. მომხდარ ფაქტს შსს იძიებს.