საქართველოში 2019 წლის განმავლობაში 5839 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რა დროსაც 481 ადამიანი დაიღუპა და 7921 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსფრთხო გზებისთვის“ ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, 2019 წელს წინა წელთან შედარებით საქართველოში დაღუპულ პირთა რაოდენობა 5 %-ით გაიზარდა (22 ადამიანით მეტი დაიღუპა), ხოლო საგზაო შემთხვევები 9,5%-ით, დაშავებულობა კი 12 %-ით შემცირდა.
ამასთან, 2015 წელს საქართველოში 6432 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, გარდაიცვალა 602 ადამიანი და დაშავდა 9187.
2016 წელს მოხდა 6939 ავტოსაგზაო შემთხვევა, გარდაიცვალა 581 და დაშავდა 9951 ადამიანი. 2017 წელს 6079 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, გარდაიცვალა 517 ადამიანი და დაშავდა 8461. რაც შეეხება 2018 წელს, ჯამში 6452 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც გარდაიცვალა 459 ადამიანი და დაშავდა 9047.
ორგანიზაციის ცნობით, 2019 წელს საპატრულო პოლიციის სამოქმედო ტერიტორიაზე 16 წლამდე 19 მოზარდი დაიღუპა, საიდანაც 16 მგზავრი იყო, 3 კი ქვეითი. დაშავდა 853 ადამიანი.
წინა წლების სტატისტიკა კი ასეთია: 2018 წელს 21 მოზარდი დაიღუპა და 1012 დაშავდა, 2017 წელს 23 დაიღუპა და 955 დასავდა. 2016 წელს – 17 დიღუპა და 1019 დაშავდა, ხოლო 2015 წელს 28 მოზარდი დაიღუპა და 912 დაშავდა.
რაც შეეხება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევ სავარაუდო მიზეზებს, ორგანიზაციის ინფორმაციით, ესენია: შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა; მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება; სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში.