28 სოციალური მუშაკი 1-ელი თებერვლიდან სამსახურიდან გათავისუფლდება

 ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 28 სოციალური მუშაკი და სოციალური მომსახურების სააგენტოს სხვადასხვა დეპარტამენტის 15-მდე თანამშრომელი მიმდინარე წლის პირველი თებერვლიდან სამსახურიდან გათავისუფლდება.   უწყების განმარტებით ,ამის  მიზეზი სტრუქტურული რეორგანიზაციაა.

სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში, 2020 წლის პირველი თებერვლიდან მეურვეობა-მზრუნველობის, ბავშვთა და ოჯახში ძალადობის ადმინისტრირების ფუნქცია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდში გაერთიანდება.

ფონდის დირექტორის, მერი მაღლაფერიძის განმარტებით, იქმნება ახალი უწყება, რომელსაც სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო ერქმევა.

„ეს იქნება დადებითი მოვლენა, რადგან სერვისების მიმწოდებლები გაერთიანდებიან. რა თქმა უნდა, რეორგანიზაციის ფარგლებში წარმოიშობა ვაკანტური პოზიციები და კანონის შესაბამისად კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით გამოცხადდება“, – აღნიშნა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორმა, მერი მაღლაფერიძემ.

მისივე თქმით, სოციალური მუშაკების რაოდენობა არ შემცირდება და გაძლიერდება ბავშვზე ზრუნვის მიმართულება.

სამინისტროში აცხადებენ,რომ ამ დრომდე აღნიშნული სამსახურის ადმინისტრირების პოლიტიკას სოციალური მომსახურების სააგენტო ახორციელებდა. შესაბამისად იმ სოციალურ მუშაკებს, რომლებიც აღნიშნულ სააგენტოში მუშაობდნენ, აქვთ შესაძლებლობა, კონკურსის გავლის შემდეგ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდში დასაქმდნენ.

სოციალური მომსახურების სააგენტომ გათავისუფლებასთან დაკავშირებით თანამშრომლებს წერილობით მიმართა და ორ  თვიანი კომპენსაციაც გადასცა.

მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ რეორგანიზაციის პროცესში სპეციალური კომისია ყველა თანამშრომელს გაესაუბრა. გიორგი წოწკოლაურმა აღნიშნა, რომ რეორგანიზაციის დასრულების პირველივე თვეს თანამშრომლებს ხელფასებიც მოემატათ, სოციალური მუშაკის ხელფასი შეადგენს  1200, ხოლო უფროსი სოციალური მუშაკის –  1400 ლარს.

სოცმუშაკების პროფკავშირების განცხადებით, ისინი აღნიშნულთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ სამართლებრივ დავას დაიწყებენ. მათივე თქმით, არც საპროტესტო აქციებს გამორიცხავენ.