ცე ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში 560 645 083 ლარის ღირებულების მედიკამენტებს ვადა გაუვიდა-ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ავრცელებს.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ 2018 წელს ცე ჰეპატიტის მართვაზე ბიუჯეტიდან 15.4 მილიონი ლარი გამოიყო, თუმცა, ათვისებულ იქნა მხოლოდ 4 741 000 ლარი.
” პროგრამის ამოქმედების თავდაპირველ ეტაპზე (2015 წელი) ძირითადი სამკურნალო პრეპარატი იყო „სოფოსბუვირი“ („სოვალდი“), რომელიც სამკურნალო რეჟიმების მიხედვით ინიშნებოდა სხვა მედიკამენტებთან („ინტერფერონი“ და „რიბავირინი“) კომბინაციით. 2016 წლის თებერვლიდან აღნიშნული პრეპარატი ჩანაცვლდა ახალი თაობის მედიკამენტით − „ჰარვონი“, რომლის მიხედვით, შეიცვალა სამკურნალო რეჟიმები, რამაც მკვეთრად შეამცირა თავდაპირველ ეტაპზე გამოყენებული პრეპარატების („სოფოსბუვირი“, „ინტერფერონი“ და „რიბავირინი“) მოხმარება. ასევე სააგენტოს განმარტებით, არსებობს პაციენტების მხრიდან მკურნალობის თვითნებური შეწყვეტის ან მათი გარდაცვალების ფაქტები“, – წერია ანგარიშში.
ჯანდაცვის სამინისტროს აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ სოციალური მომსახურების სააგენტო მედიკამენტების ვადის გასვლის ძირითად მიზეზად 2017 წლის ივლისიდან ბენეფიციართა მკვეთრად შემცირებულ მომართვიანობას ასახელებს.
„სამინისტროს მხრიდან წარმოდგენილი განმარტებით, დაბალი ათვისების მაჩვენებელი გამოწვეულია პაციენტთა რაოდენობის კლებით. აღსანიშნავია, რომ ეს ქვეპროგრამა ბოლო წლებში მუდმივად დაბალი ათვისების მაჩვენებლით ხასიათდება, რაც ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე სამინისტროს არ გაუთვალისწინებია“, – აღნიშნულია აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.