განათლებისა და კულტურის სამინისტროები ერთმანეთს გამოეყოფა

განათლების და კულტურის სამინისტროების გაყოფასთან დაკავშირებით მთავრობაში გადაწყვეტილება მიღწეულია.
“დოკუმენტი ჯერჯერობით არ მინახავს, მაგრამ პრაქტიკულად უნდა დაიწყოს მუშაობა. სავარაუდოდ, ეს თებერვალში განხორციელდება და დადგენილებას მთავრობა მიიღებს“,- განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ნუკრი ქანთარიამ.
ქანთარიას თქმით, ბიუჯეტი, სამინისტროების გაყოფაში პრობლემას არ შექმნის, რადგან კულტურის სფეროსთვის ბიუჯეტი ცალკე მუხლად არის გამოყოფილი.
„კულტურის ბიუჯეტი ცალკეა და 5 მილიონის დამატება მოვახერხეთ წელს. თეატრების, მუზეუმების წარმომადგენლებს ხელფასები, პენსიები მოემატათ. ამიტომ გაყოფა არ შექმნის პრობლემას, უმტკივნეულო პროცესი იქნება. ამასთან არ შეიქმნება შენობის პრობლემას, რადგან კულტურის სამინისტროს შენობაც არსებობს. რაც შეეხება მინისტრს, რა თქმა უნდა, ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, მაგრამ ბადრი მაისურაძე არის ძალიან კარგი კანდიდატურა, თუმცა, არ ვიცი მისი განწყობა როგორია. ჯერ გავყოთ სამინისტროები და შემდეგ ვისაუბროთ მინისტრზე“, – განმარტა ქანთარიამ.

არსებული ინფორმაციით, უწყებების გამოყოფის პროცესი თებერვალში დაიწყება. ცნობილია, რომ განათლების მინისტრის იდეაა, რომ სპორტი განათლების სამინისტროში დარჩეს.