გარდაბანში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, 230 მეგავატი დადგმული სიმძლავრის მქონე – „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“ გაიხსნა.
ამ წუთებში გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ნავთობისა და გაზის კორპორაციის წარმომადგენლები ესწრებიან.
„ეს არის ახალი ტექნოლოგიით შესრულებული თბოსადგური და არის ორჯერ უფრო ეფექტური ვიდრე ძველი, ე.წ. ღია ციკლის თბოსადგურები. იცით, რომ ენერგეტიკა არის ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი. გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც დღის წესრიგში აყენებს ენერგეტიკული რეფორმის და ამ დარგის ძირეული გარდაქმნის აუცილებლობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თაოსნობით და დავალებით, ჩვენ ეს რეფორმა 2019 წელს დავიწყეთ. შევიმუშავეთ და დავამტკიცეთ ახალი, ევროპული ტიპის კანონმდებლობა. შევქმენით ღია, კონკურენტული ენერგეტიკული ბაზარი, დავაფუძნეთ ენერგეტიკული ბირჟა“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მაღალი ეფექტიანობითა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიით გამორჩეული ობიექტი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის 180 მილიონამდე აშშ დოლარის ინვესტიციით აშენდა.
თბოელექტროსადგურის სამშენებლო ფაზა 2018 წლის თებერვლიდან 2019 წლის დეკემბრამდე გრძელდებოდა და ელექტროენერგიის გენერაციას ,მიმდინარე წლის ზამთრის სეზონისთვის ,სრული მოცულობით უზრუნველყოფს.
„გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“ წელიწადში 1,3 მილიარდ კვტ.სთ-მდე ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.
სამინისტროს ცნობით, ახალი თბოელექტროსადგური, პირველად საქართველოში, ინოვაციური, ე.წ. ნულიდან გაშვების ფუნქციით არის აღჭურვილი, რაც ქვეყნის ელექტრო სისტემაში საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში, დროის მოკლე პერიოდში, სისტემისთვის ელექტროენერგიის მიწოდებასა და ნულიდან აღდგენას გულისხმობს.
კომბინირებული ციკლის ახალი ენერგოეფექტური თბოელექტროსადგური თითქმის ორჯერ უფრო ნაკლებ გაზს მოიხმარს და უფრო ეკონომიურია, ვიდრე საქართველოში ბუნებრივ აირზე მომუშავე ძველი ენერგობლოკები.