25 წლის რეინჯერი გოგო თეთრიწყაროდან- ლუსინე დოსტიბეგიანი საქართველოში ოთხ ქალ რეინჯერს შორის ერთ-ერთია.
ქვემო ქართლში დაიბადა და გაიზარდა, სკოლაც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დაამთავრა.რეინჯერის საქმიანობას ამ პოზიციაზე მუშაობის დაწყებამდე იცნობდა. ალგეთის ეროვნულ პარკში რამდენჯერმე გოგონების ბანაკი მოაწყო და როგორც კი რეინჯერის პოზიციაზე ვაკანსია გამოცხადდა, განაცხადი მაშინვე შეიტანა.
„ყოველთვის მახსოვს, რომ ჩემი ცხოვრება ჩარჩოებში იყო მოქცეული, სახლი-სკოლა, სკოლა-სახლი და არაფერი სხვა, გარდა იმისა რომ ფორტეპიანოზე დავდიოდი, ისიც ძალით,“ – აცხადებს ერთ-ერთ მედია საშუალებასთან ინტერვიუში ახალგაზრდა რეინჯერი.
ამბობს,რომ მის თანატოლებს ერთფეროვან გარემოში სიახლის მიღების შესაძლებლობა არ ჰქონდათ. მეათე კლასში სკოლის თვითმმართველობაში ჩაერთო, სწავლის დამთავრების შემდეგ კი ახალგაზრდულ პროგრამაში – თეთრიწყაროს კულტურულ ძეგლებს და მიმდებარე ტერიტორიას ასუფთავებდნენ, რუკებს ადგენდნენ და გამოფენებს აწყობდნენ. სწორედ მაშინ გაიგო, რომ არსებობდა არასამთავრობო სექტორი, შეეძლო მეგობრებთან ერთად პროექტები დაეწერა და შეეცვალა გარემო, რომელშიც ცხოვრობდნენ.
თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი რამდენიმე წლის წინ დააფუძნეს. ორგანიზაციისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართეს და რომელიმე დაცარიელებულ დარჩენილ შენობაში ფართის გამოყოფა სთხოვეს.
ახალგაზრდული ცენტრისთვის სივრცის გადაცემას ორი წელი ელოდა. პარალელურად, გარემოსდაცვით და საგანმანათლებლო აქციებს აგრძელებდნენ .
შენობა, რომელიც 8 წელი უფუნქციოდ, დაკეტილი იყო გასულ წელს გადაეცათ. სხვადასხვა პროგრამის დახმარებით მოაწესრიგეს.
“ზოგადად სირთულეებითაა სავსე ეს პროფესია, მაგრამ საინტერესო. რთული ისაა, რომ ბრაკონიერებთან ურთიერთობა გიწევს და ყველაფერი სწორად უნდა გააკეთო, უნდა დააჯარიმო, რომ იგივე აღარ განმეორდეს. არის ადგილები, სადაც ტელეფონი არ იჭერს და მარტო გიწევს სიარული. გარემოს დაცვას ხალხი ეწირება“,- ამბობს ლუსინე ინტერვიუში.
საქართველოში ახალშექმნილი რეინჯერთა ასოციაციის სახელით, შარშან ლუსინე კონგრესზე ნეპალში მიავლინეს. სიტყვით გამოსვლას ახლაც ემოციით იხსენებს: „მოვყევი საქართველოს და ქალი რეინჯერების შესახებ, ოთხნი რომ ვართ. ჩემს გამო საქართველოს დროშა რომ იყო აღმართული, ეგ ცალკე აღფრთოვანებას იწვევდა“.
ინტერვიუში ახალგაზრდა რეინჯერი ამბობს,რომ კრიზისულ სიტუაციებში ყოველთვის იხსენებს,რომ უკეთესობისკენ გადადგმულ ნაბიჯებს სიამოვნება მოაქვს,განსაკუთრებით კი იმის გააზრებას ,რომ ჩარჩოებიდან გამოსვლა მოახერხა. მიესალმება იმ ფაქტსაც,რომ ის, რაზეც მას ბავშვობაში ხელი არ მიუწვდებოდა, სხვებს უკვე აქვთ და გარემოს შეცვლას ახლაც ახერხებს.
წყარო:”მთის ამბები”