ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა 2 პირი დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა რუსთავში, ერთ-ერთი ენერგოკომპანიის კუთვნილი ქვესადგურის ტერიტორიაზე არსებული ტრანსფორმატორიდან სპილენძის, ალუმინისა და რკინის დეტალები მოიპარეს. სამართალდამცველებმა ორივე პირი იმ დროს დააკავეს, როცა მათ ნაქურდალი ნივთები ქვესადგურის ტერიტორიიდან გაჰქონდათ.
პოლიციამ მოპარული დეტალები ნივთმტკიცებად ამოიღო,” – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.