მომიტინგეები სოხუმში ე.წ. არჩევნების შედეგების ბათილად გამოცხადებას და რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვენ.
დე-ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია იმართება.
რუსული მედიის ცნობით, ე.წ. სამართალდამცველებთან შეტაკებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ინფორმაციას ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრო არ ადასტურებს.
შეგახსენებთ, აქცია დრამატული თეატრის შენობის წინ დაიწყო და მოგვიანებით ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან გაგრძელდა. მანამდე, ოკუპირებული აფხაზეთის „უზენაესმა სასამართლომ“ საკასაციო საჩივრის მოსმენა დაიწყო ყოფილი ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატის, ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ ლიდერის, ალხას კვიცინიას სარჩელზე. სარჩელი „სახელმწიფოს მეთაურის არჩევის შესახებ“გადაწყვეტილების ბათილად გამოცხადებას გულისხმობს.
აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გასული წლის 8 სექტემბერს გაიმართა, სადაც დე ფაქტო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამჟამინდელმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ 47.39%-ით გაიმარჯვა, მოსახლეობის 46,17%-მა კი ხმა ალხას კვიცინიას მისცა. „ამცახარა“ „არჩევნების“ შედეგებს არ აღიარებს და მის გაბათილებას ითხოვს