საქართველოს პრემიერ-მინისტრის , გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობის ძირითადი ამოცანა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაა. გიორგი გახარიამ გარდაბანში, „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“-ის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა,რომ აღნიშნული თბოელექტროსადგური ეფექტიანი და მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგოსისტემისთვის.
„ყველას კარგად გვახსოვს და ვიცით, რომ ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლავთ ახალი სამუშაო ადგილები, ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლავთ ეკონომიკური ზრდა, რისთვისაც, რა თქმა უნდა, ენერგოეფექტურობა და საერთოდ, ენერგიის წყარო არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. სწორედ ამიტომ, გარდაბნის ახალი თბოელექტროსადგური პირველ რიგში, უზრუნველყოფს საქართველოს ენერგოსისტემის მდგრადობას და რაც მთავარია, ამასთან ერთად, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას. ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ სერიოზული თანხები იყო ინვესტირებული საერთოდ გენერაციაში. მოგეხსენებათ, 2012 წლიდან 2019 წლამდე ჩვენს ენერგოსისტემას 1 მილიარდ 100 ათასამდე მეგავატის სიმძლავრეები დაემატა, რაც არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ასევე, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ეს მუშაობა არ უნდა შევაჩეროთ და უნდა გავაგრძელოთ, რამეთუ ჩვენი ეკონომიკა იზრდება, ენერგომოხმარება ქვეყანაში იზრდება და სისტემის მდგრადობისთვის გვჭირდება გენერაციის ახალი წყაროები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, გიორგი გახარია დადებითად აფასებს იმ რეფორმებს,რასაც ეკონომიკის სამინისტრო ენერგეტიკის სფეროში ატარებს,რაც ხელს უწყობს ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობას.
„საქართველო თუ არის დღეს, როგორც სატრანზიტო ქვეყანა სტაბილური, მდგრადი სხვადასხვა ენერგომატარებლების ტრანზიტის თვალსაზრისით და არის აბსოლუტურად განჭვრეტადი პარტნიორი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, ევროკავშირისთვის, მეზობლებისთვის, ზუსტად ასე უნდა გავხდეთ ელექტროენერგიის ტრანზიტის მიმართულებითაც ძალზედ მნიშვნელოვანი და სტაბილური სატრანზიტო ქვეყანა. ეს არის ის ამოცანები, რომლებიც ენერგოსისტემის წინაშე, ასევე ეკონომიკის სამინისტროს წინაშე დგას და ამოცანები, რომლებიც დგას საქართველოს მთავრობის წინაშე“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
გარდაბანში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, 230 მეგავატი დადგმული სიმძლავრის მქონე – „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“ გაიხსნა. ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, მაღალი ეფექტიანობითა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიით გამორჩეული ობიექტი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის 180 მილიონამდე აშშ დოლარის ინვესტიციით აშენდა.









