გარემოს დაბინძურებით გამოწვეული ნაადრევი სიკვდილიანობით საქართველო ევროპაში მეორე ადგილზეა

“საქართველოში 100 000 ადამიანიდან 140-ის სიკვდილი გარემოს დაბინძურებით არის განპირობებული”,- აღნიშნულია გლობალური ალიანსი ჯანდაცვისა და დაბინძურების შესახებ (GAHP) ანგარიშში, რომელსაც უნგრეთის მთავრობათაშორისი ფორუმი –  “ცენტრალური ევროპის ინიციატივა” (CEI) საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს.

მონაცემები 2017 წლის სტატისტიკას ეყრდნობა, არსებული მაჩვენებლებით საქართველო ევროპის მასშტაბით გარემოს დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლით მეორე ადგილზეა. ანგარიშში წერია, რომ ევროპულ სახელმწიფოებში გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის სტატისტიკით რეიტინგში საქართველოს მხოლოდ სერბეთი უსწრებს. (100,000 ადამიანზე 175 ლეტალური შედეგი)ევროპის მასშტაბით საქართველოს შემდეგ მოდის: ბულგარეთი (137), უკრაინა (128), ბოსნია და ჰერცოგოვინა (125) სომხეთი (117) და ხორვატია (108).  

მსოფლიოს მასშტაბით, დაბინძურებისგან გამოწვეული ყველაზე მაღალი სიკვდილიანობის რიცხვი ინდოეთში ფიქსირდება – 2,3 მილიონზე მეტი. მას შემდეგ მოდის ჩინეთი (1,8 მილიონი), ნიგერია (280,000), ინდონეზია (232,000) და პაკისტანი (223,00).

“გარემოს დაბინძურება ნაადრევი სიკვდილის ყველაზე ხშირი მიზეზი ხდება. სიკვდილიანობა გამოწვეულია ტოქსიკური ჰაერის, წყლის, ნიადაგისა და გარემოს ქიმიური დაბინძურებით. გარემოს დაბინძურება კლავს წელიწადში სამჯერ მეტ ადამიანს, ვიდრე აივ ინფექცია, ტუბერკულოზი და მალარია ერთად”,- წერია გლობალური ალიანსი ჯანდაცვისა და დაბინძურების შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

ჯანმრთელობისა და დაბინძურების გლობალური ალიანსის ინფორმაციით, 2017 წელს მთლიანად მსოფლიოში დაახლოებით 8,3 მილიონი ადამიანის სიკვდილის მიზეზი დაბინძურებული გარემო იყო.

.