კრწანისის ტყე-პარკის მოწყობა იგეგმება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინტერუწყებრივი ჯგუფის პირველ შეხვედრაზე განაცხადა, რომ კრწანისის ტყე-პარკის მოწყობა იგეგმება.

მისი თქმით, მწვანე სარეკრეაციო, შემეცნებითი სივრცე მოეწყობა, რომლითაც სარგებლობას, როგორც რუსთაველები, ისე თბილისელები შეძლებენ.

„კრწანისის ტერიტორიაზე, რომელიც რუსთავს და თბილისს აკავშირებს ერთმანეთთან, გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები. აქ მოეწყობა კარგი, მწვანე სარეკრეაციო სივრცე, რომლითაც თანაბარწილად შეეძლებათ ისარგებლონ, როგორც რუსთავის, ასევე თბილისის მოსახლეობამ.

წელს გარკვეული ძალიან პოზიტიური სამუშაოები ჩატარდება ამ ტერიტორიაზე. ჩვენ ასევე, აქ გვინდა დენდროლოგიური და სხვადასხვა შემეცნებითი სივრცის მოწყობა“ – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ.

ველური ბუნების სააგენტოს კრწანისის ტყე-პარკი 2019 წლის მარტიდან შეუერთდა. არსებული ტყის მოწყობისა და მოვლის სამუშაოების პარალელურად „საქართველოს წითელი ნუსხის“ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი იშვიათი სახეობების ხე-მცენარეთა დიდი ოდენობით ჩარგვა იგეგმება.

უწყების ცნობით, კრწანისის ტყეპარკი ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილია. მისი ტერიტორიის 210 ჰა მტკვრის ჭალის ბუნებრივ ეკოსისტემას წარმოადგენს.