სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარში წლიურმა ინფლაციამ 6.4% შეადგინა.
განსაკუთრებით მოიმატა ფასებმა საქონლისა და მომსახურების შემდეგ ჯგუფებში: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (11.3%) და ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო (11.2%).
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების კატეგორიაში ყველაზე მეტად გაძვირდა:
- ხილი და ყურძენი – 28.3%
- რძე, ყველი და კვერცხი – 15%
- ხორცი და ხორცის პროდუქტები – 14.2%
- თევზეული – 12.4%
- შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 10.5%
ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს კატეგორიაში კი თამბაქოს ნაწარმზე ფასები 20.2%-ით გაიზარდა, ალკოჰოლზე – 3.4%-ით.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფლაციის სამიზნე ნიშნული 3%-ია.
ეროვნული ბანკის პროგნოზით, 2020 წლის დასაწყისიდან ინფლაცია კლებას დაიწყებს და წლის ბოლოს სამიზნე მაჩვენებელს, 3%-ს მიუახლოვდება.
ამის გამო ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა იანვრის ბოლოს აღარ გაამკაცრა და რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 9%-ზე დატოვა.