მილიონიანი ფონდის საგრანტო კონკურსი ახალგაზრდებისთვის -ვის შეეძლება მონაწილეობის მიღება?!

„ახალგაზრდობის სააგენტო“, რეგიონებში ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერებისა და არაფორმალური განათლების განვითარებისთვის მილიონიანი ფონდის საგრანტო კონკურსს აცხადებს, რომელიც საქართველოს ათ რეგიონში თანაბრად განაწილდება.

სააგენტომ დღეს შეხვედრა გამართა რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრში და კონკურსის შესახებ ახალგაზრდებს ინფორმაცია მიაწოდა.

რეგიონულმა ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა საკონკურსოდ გრძელვადიანი და განმეორებადი შედეგების მომტანი პლატფორმული პროექტები უნდა წარადგინონ, რომლებიც არაფორმალური განათლების გზით რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის კომპეტენციების ზრდას უზრუნველყოფენ, ახალგაზრდულ ინიციატივებს მხარდაჭერას გაუწევენ და  მათ ჩართულობას ადგილობრივ და საზოგადოებრივ ეკონომიკურ თუ კულტურულ ცხოვრებაში უზრუნველყოფენ.

სააგენტოს მილიონიანი ფონდიდან საერთო ჯამში, 20-დან 30-მდე ახალგაზრდული ორგანიზაცია დაფინანსდება.

კონკურსი 2020 წლის 24 თებერვლიდან დაიწყება, საკონკურსო წინადადებების შეტანა ახალგაზრდულ ორგანიზაციებს 31 მარტის ჩათვლით ახალგაზრდობის სააგენტოს ელექტრონულ პორტალზე: youthplatform.gov.ge შეგეძლებათ.

საგრანტო კონკურსს ახალგაზრდობის სააგენტო სამწლიანი რეფორმის ფარგლებში ახორციელებს,  რომელიც ევროპული მოდელით შეიქმნა და არაფორმალური განათლების გზით ახალგაზრდებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერებას ისახავს მიზნად, რაც საერთო ჯამში ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემას ქმნის.