ქობულეთში მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. საქმე  ქობულეთში, გუშინ მომხდარ ფაქტს ეხება. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 თებერვალს, ქობულეთში, ურთიერთშელაპარაკებისას,  1989 წელს დაბადებული პირი სანადირო თოფიდან გასროლით გულმკერდის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს– აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.