ანას ბაღის მიმდებარედ აქტივისტები „პარტიზანულ ბაღს” აწყობენ

თბილისში, ანას ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, აქტივისტები “პარტიზანულ ბაღს” აწყობენ.  აქციის მონაწილეები ადგილზე სპეციალური მოწყობილობებით გამოჩნდნენ, მიწის ამოთხრა, ხეების დარგვა და გამწვანებითი სამუშაოები დაიწყეს. 

„პარტიზანულად, არაკუთვნილ მიწაზე ვაკეთებთ ბაღს. დიახ, უკანონო ბაღია“, – განაცხადა მატა ფერაძემ.

თბილისში, „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივები კორპუსის მშენებლობას პერიოდულად აპროტესტებენ და  აქციებს მართავენ, რის გამოც ადგილზე რამდენჯერმე დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეებმა შესასვლელის გადაკეტვაც სცადეს, რასაც პოლიციასთან დაპირისპირებაც მოჰყვა.

მანამდე, დაპირისპირება მოხდა აქციის მონაწილეებსა და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს შორის, რასაც ადმინისტრაციული წესით, რამდენიმე ადამიანის დაკავებაც მოჰყვა.

როგორც „ევროპული სამშენებლო კომპანიაში” განაცხადეს მოსახლეობის პროტესტი აბსურდულია და კომპანიას ყველა საბუთი წესრიგში აქვს.