ფრინველის ხორცი შესაძლოა, 15-20%-ით გაძვირდეს. ამის მიზეზი შეიძლება ის ახალი რეგლამენტი გახდეს, რომელიც მთავრობამ დაამტკიცა და რომლის მიხედვითაც, პროდუქტში წყლის შემცველობა 5%-ს არ უნდა აღემატებოდეს.
როგორც ცნობილია მთავრობის რეგლამენტის თანახმად, 2025 წლამდე გაყინული და სწრაფად გაყინული ქათმის მარკეტინგი დასაშვებია, თუ პროდუქტში წყლის შემცველობა 5%-ს არ აღემატება . ხოლო, 2025 წლის შემდეგ, ტექნიკური რეგლამენტი ადგენს, გაციების მეთოდიდან გამომდინარე, წყლის შემცველობის დასაშვებ სხვადასხვა ნორმას.
რეგლამენტით განსაზღვრულია დაფასოებული ადგილობრივი წარმოების გაყინული ან სწრაფად გაყინული ფრინველის ხორცის წონის კატეგორიის მიხედვით კლასიფიცირებაც. რეგლამენტის თანახმად, ყველა დაფასოებულ პროდუქტს უნდა ჰქონდეს წონის მაჩვენებელი.
ამასთან, ეტიკეტზე მეურნეობის ტიპის და ფრინველის ზრდის/გამოყვანის მეთოდების მითითება დასაშვები იქნება მხოლოდ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად. იმპორტირებული ხორცის შემთხვევაში, მას უნდა ახლდეს წარმოშობის ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული სერტიფიკატი ან აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული ოქმი, რომელიც ადასტურებს, რომ პროდუქტი შეესაბამება ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს.
ამასთან, სპეციალისტები აცხადებენ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, მოგებული მოხმარებელი დარჩება, რადგან ეცოდინება, რომ გადახდილი ფულით სუფთა წონის ხორცს შეიძენს და არა წყალს.
პროდუქციის გაძვირების პროგნოზს არ იზიარებენ,მეფრინველეობის განვითრების ასოციაციაში და აცხადებენ,რომ მათი და მომხმარებლის ინტერესები გათვალისწინებულია.
“რეგულაციის შედეგად, ბაზარზე პროდუქციის ფასის მომატებას გამოვრიცხავ, თუმცა, თუ ეს მაინც მოხდა, არ დაზარალდება მომხმარებელი, რადგან მანამდე იაფად ყიდულობდა წყლის მეტი შემცველობის პროდუქტს. შესაბამისად, თუ კილოგრამი პროდუქტის ღირებულება გაიზრდება, ჩათვალეთ, რომ მომხმარებელი უფრო მეტ ხორცს წაიღებს სახლში, ვიდრე მანამდე“,- აღნიშნავს ასოციაციის თავმჯდომარე ზურაბ უჩუმბეგაშვილი.