განათლების სამინისტროს რეკომენდაცია უნივერსიტეტებს

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კორონავირუსის გამო, უნივერსიტეტებს სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების რეკომენდაციას აძლევს.

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, თუ აღნიშნული სამუშაოები გაზაფხულის სემესტრის დაწყების თარიღის გადავადებას მოითხოვს, საკუთარი ავტონომიის ფარგლებში, უნივერსიტეტებმა თავად უნდა განსაზღვრონ სწავლის დაწყების თარიღი.

“სამინისტრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს აძლევს პროფილაქტიკის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების რეკომენდაციას და თუ ეს მოითხოვს გაზაფხულის სემესტრის დაწყების გადავადებას, საკუთარი ავტონომიის ფარგლებში, მათ თავად უნდა განსაზღვრონ სწავლის დაწყების თარიღი.

პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე, ჩასატარებელი სადეზინფექციო სამუშაოების მიხედვით, ასევე თავად უნდა განსაზღვრონ სწავლის დროებით გადადების საჭიროება და ვადები,” – აღნიშნა მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა.

სამინისტრო კერძო სკოლებს აძლევს რეკომენდაციას, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2 მარტიდან 16 მარტამდე გამოაცხადონ არდადეგები.

ამასთან, კორონავირუსის გამო, საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში 2 მარტიდან 16 მარტამდე არდადეგები გამოცხადდა.