გარდაბანში ცოლ-ქმრის მკვლელობის ფაქტზე მათი ნათესავი დააკავეს

გარდაბანში გასულ წელს მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, 1984 წელს დაბადებული გ.ი. ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გასული წლის ივნისის თვეში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მასთან ნათესაურ კავშირში მყოფ ცოლ-ქმარს – 1942 წელს დაბადებულ შ.მ. -სა და 1935 წელს დაბადებულ ი.მ.-ს მათსავე საცხოვრებელ სახლში ბლაგვი საგნით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც დაზარალებულების კუთვნილ თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ცოლ-ქმარი მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.