სატრანსპორტო ხარჯების დასაფარად სტუდენტები გარკვეული თანხით დაფინანსდებიან-ვის ეხება გადაწყვეტილება?!

  რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუას ინიციატივით, სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახების წევრ სტუდენტებთან ერთად, მგზავრობის თანხას, მაღალი აკადემიური მოსწრების, ის სტუდენტებიც მიიღებენ, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში სახელმწიფო გრანტით ჩაირიცხნენ ან სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ფაკულტეტებზე სწავლობენ. 

 ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, აღნიშნული ცვლილება, სტუდენტთა სოციალური დახმარების პროგრამაში შევიდა.

,,რუსთაველ სტუდენტებს, რომელთაც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული აქვთ სახელმწიფო გრანტი სრული ოდენობით ან სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ პრიორიტეტულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე არიან ჩარიცხულები და მათი აკადემიური შეფასების საშუალო ქულა 81-ს შეადგენს, სატრანსპორტო ხარჯების დასაფარად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დავაფინანსებთ. აღნიშნული ცვლილება, სტუდენტთა სოციალური დახმარების პროგრამაში შევიტანეთ. მუნიციპალიტეტი, ამასთან ერთად, აფინანსებს მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტების სწავლის საფასურსაც. გასულ წელს, უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტთა სწავლის დაფინანსების თანხა 800 ლარი იყო, წელს გავზარდეთ და აკადემიური მოსწრების მიხედვით 800-დან 1200 ლარამდე გახდა“, – განაცხადა  რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

რუსთავის მერის განცხადებით, სტუდენტთა სოციალური დახმარების პროგრამაში ცვლილება, სტუდენტებისა და მათი მშობლების თხოვნის შედეგად განხორციელდა.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისგან, რუსთავიდან, თბილისის მიმართულებით მგზავრობის თანხის დასაფარად, მაღალი აკადემიური მოსწრების (81-დან 100 ქულამდე) სტუდენტები, ყოველთვიურად სტუდენტურ ანგარიშზე 60 ლარის ოდენობის თანხას მიიღებენ.

აღნიშნული საკითხი, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე განიხილეს და კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით შემდგომი განხილვისთვის, საკრებულოს ბიუროს გადაეცა.

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გამართულ სოციალურ საკითხთა კომისიამ, რომელსაც გიგა ჯღარკავა უძღვებოდა კიდევ რამდენიმე მნიშვენელოვანი საკითხი განიხილა, კერძოდ ცვლილება შევიდა სოციალური უზრუნველყოფის, „მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების“ ქვეპროგრამაში.

როგორც კომისიის სხდომაზე, მერიის აპარატის ხელმძღვანელმა ნინო ნიკოლავამ განაცხადა, წარმოდგენილი ცვლილებით, მრავალშვილიან ოჯახს, რომელსაც გარდაეცვლება შვილი, სოციალური სტატუსი  და პროგრამით სარგებლობის უფლება, ანუ თითო არასრულწლოვან ბავშვზე 35 ლარი უნარჩუნდება ​.