ევროსაბჭოს მინისტერიალი თბილისის ნაცვლად სტრასბურგში გაიმართება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის ინფორმაციით,გადაწყვეტილება სტრასბურგში ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოადგილეეების დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. თბილისში ღონისზიება მაისში იყო დაგეგმილი.
როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, მინისტერიალის თბილისში ჩატარება ქვეყნისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო,მაგრამ საქართველოს ევროპის საბჭოს ყველა წევრი ქვეყნის ,მათ შორის რუსეთის მინისტერიალში მონაწილეობა უნდა უზრუნველყო .
მინისტრის თქმით, ევროპის საბჭოს წარმომადგენლების მხრიდან აბსოლუტურად სრული გაგებაა მინისტერიალის სტრასბურგში ჩატარებასთან დაკავშირებით.
“2019 წლის ნოემბერში, როდესაც გადმოვიბარეთ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა, სურვილი გამოვთქვით, რომ მინისტერიალი თბილისში ჩატარებულიყო. რადგანაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მსგავსი სახის მაღალი დონის ღონისძიებისთვის საქართველოს არ უმასპინძლია. ჩვენ 2019 წლის ნოემბრიდან დღემდე ყველაფერი გავაკეთეთ, რომ კონსულტაციების რეჟიმში განგვეხილა ყველა შესაძლო სცენარი იმისთვის, რომ არ დაზიანებულიყო ჩვენი, როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყნის რეპუტაცია”, — განაცხადა ზალკალიანმა.
როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, არცერთ ძალას არ უნდა მიეცეს იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია და ამ საკითხის გამოყენება სხვადასხვა პოლიტიკური ინტერესებისთვის მოახდინოს .
ევროპის საბჭოს მინისტერიალი 14-15 მაისს უნდა გაიმართოს. საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანას, მინისტერიალისთვის თბილისში უნდა ემასპინძლა.