“ვირუსის რისკი მთელ მსოფლიოში გაიზარდა”-საქართველო ე.წ. პანდემიური მზადყოფნის რეჟიმს აძლიერებს

საქართველო ე.წ. პანდემიური მზადყოფნის რეჟიმს აძლიერებს, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭოში შემავალი ყველა უწყება კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს და მუშაობას კიდევ უფრო აძლიერებს. გამყრელიძე აღნიშნავს, რომ ღონისძიებები, რაც საქართველოს საზღვრებზე დღემდე ჩინეთიდან ჩამოსულ მოქალაქეებზე ხორციელდებოდა – მათ შორის თერმოსკრინინგი, ახლა უკვე ირანიდან უკანასკნელი 2 კვირის მოგზაურობის ისტორიის მქონე პირებზეც ვრცელდება.

გამყრელიძის თქმით, შესაძლოა, იგივე ღონისძიებები დაწესდეს სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ ადამიანებზეც, სადაც კორონავირუსით დასნებოვნების შემთხვევების რაოდენობა დიდია.

“მზადყოფნის რეჟიმი გაძლიერებულია, რადგან, ჩინეთთან შედარებით, ამჟამად ჩვენთვის, შესაძლოა, მეტ საფრთხეს წარმოადგენდეს ირანი. ჩვენ მასთან საზღვარი არ გვაქვს, თუმცა ძალიან ახლოს არის, თეირანიდან საათნახევრის ფრენაა საქართველომდე და ძალიან ინტენსიური ტურისტული და ბიზნესურთიერთობები გვაქვს ირანთან. ამიტომაც მიიღო დაუყოვნებლივი გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ, რათა მაქსიმალურად შევამციროთ ინფექციის შემოტანის რისკი,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, სავარაუდოდ, უკვე ხვალ, საქართველოს მთავრობა ხელს მოაწერს ახალ განკარგულებას და ქვეყანაში დაავადების შემოტანის პრევენციისთვის მორიგი ნაბიჯები გადაიდგმება.

ამასთან,გამყრელიძე მედიას სთხოვს, კორონავირუსს არ უწოდონ “სასიკვდილო ვირუსი“. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ეპიდემიების გავრცელების პერიოდში საზოგადოებასთან კომუნიკაციას და ინფორმაციის სწორად მიწოდებას დიდი მნიშვნელობა აქვს.

“დიახ, სამწუხაროდ ამ ვირუსით უკვე გარდაიცვალა 2500-მდე ადამიანი მსოფლიოში და სიკვდილიანობის პროცენტი ჩინეთში 2.3 პროცენტია. სხვა ქვეყნებში, ჩინეთს გარეთ, სიკვდილიანობის მაჩვენებელი არ აღემატება 0.6 %-ს. რა თქმა უნდა, თითოეული ადამიანის გარდაცვალება ტრაგედიაა, მაგრამ ჩვენ სიკვდილიანობის მაჩვენებლით სხვადასხვა ინფექციას ვადარებთ ერთმანეთს. ახალი კორონავირუსის შედეგად სიკვდილიანობა ბევრად დაბალია, ვიდრე ეს იყო SARS-ის დროს – მაშინ მაჩვენებელი 9-10 % იყო; ბევრად დაბალია, ვიდრე MERS-ის დროს, როდესაც სიკვდილიანობის მაჩვენებელი 35% იყო.

დღეისთვის გაანალიზებულია ჩინეთში დაფიქსირებული 72 000 შემთხვევა, მათგან 82% მიმდინარეობს მსუბუქად, ანუ ადამიანები ჯანმრთელდებიან. მწვავე შემთხვევები გვაქვს 14%-ში, რომელიც საჭიროებს ინტენსიურ თერაპიას. დაახლოებით 5 %-ში გვაქვს კრიტიკული შემთხვევები, რომელიც საჭიროებს რეანიმაციულ დახმარებას და სამწუხაროდ, 2 % გახლავთ სიკვდილიანობა,“ – განაცხადა გამყრელიძემ.