თბილისში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთი პირი დააკავეს.
დაკავებულს, ბრალი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში ედება.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, მჭიდი და რვა საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაული სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.







