ინფექციურ საავადმყოფოში ჩინეთიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქე მოათავსეს. საავადმყოფოს დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ცნობით, მოქალაქეს სავარაუდოდ,კორონავირუსი არ აქვს.
მისივე ცნობით, საქართველოს მოქალაქე, 26 წლის ქალი დღეს დილით მივიდა ინფექციურ საავადმყოფოში. ის 15 იანვრის შემდეგ ჩინეთში იმყოფებოდა, ბურჯიანის პროვინციაში. ექიმის განმარტებით, როგორც თავად პაციენტი ამბობს, ჩასვლის შემდეგ იზოლირებულად ცხოვრობდა, საკვებს ბინაზე მომსახურების მეშვეობით იღებდა და დაავადებულებთან კონტაქტი არ ჰქონია.
საქართველოს მოქალაქე გუშინ შანხაიდან ტრანზიტული რეისით გამოფრინდა და საქართველოში მოსკოვისა და ერევნის გავლით ჩამოვიდა. როგორც ექიმი აცხადებს, პაციენტის თქმით, ყველა აღნიშნულ აეროპორტში შემოწმებისას ტემპერატურის მატება არ აღენიშნებოდა, დაბალი ტემპერატურა მას მხოლოდ სადახლოს გამშვებ პუნქტზე დაუფიქსირდა.
ექიმის ინფორმაციით, 30 იანვრის შემდეგ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში, აღნიშნული პაციენტის გარდა, კიდევ 14-მა ადამიანმა ჩაიტარა კვლევა და მკურნალობა, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუფიქსირდა.