კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული კონტროლის მექანიზმები საბაჟო გამშვებ პუნქტებზე გამკაცრებულია

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით საბაჟო გამშვებ პუნქტებზე კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული კონტროლის მექანიზმები გამკაცრებულია.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების საფუძველზე, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრები და ექიმი ეპიდემიოლოგები მგზავრთა ინდივიდუალურ მონიტორინგს 24-საათიან რეჟიმში ახორციელებენ . სამედიცინო პერსონალი  სპეციალური დამცავი ტანსაცმლითა აღჭურვილი, ხოლო მებაჟე ოფიცრები მონიტორინგს  დამცავი ნიღბებითა და შესაბამისი აღჭურვილობით ახორციელებენ.

უწყების ცნობით, აეროპორტში, „წითელი ხიდისა“ და „სადახლოს“ საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე არსებულ ვითარებასა და კონტროლის მექანიზმებს ადგილზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსი გაეცნო. „კომპეტენციის ფარგლებში უწყება მუდმივ რეჟიმში განახორციელებს ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტში არსებული ვითარების დაკვირვებას და ინფორმაციას მიაწვდის მედიასა და საზოგადოებას“, – აცხადებენ უწყებაში.