კორონავირუსის გამო, საქართველოს რეგიონებში, ყველა მუნიციპალიტეტის სააღმზრდელო დაწესებულებაში, 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით, არდადეგები გამოცხადდა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ამ პერიოდის განმავლობაში, შენობებში, დამატებითი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.
„პროცესს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი გაუწევენ. მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურები მჭიდრო კოორდინაციაში რჩებიან ჯანდაცვის სამსახურებთან. საბავშვო ბაღებთან ერთად, სადეზინფექციო სამუშაოები ინტენსიურად გაგრძელდება სხვადასხვა პროფილის დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში“, – აღნიშნულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა. არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება.