დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის , ამირან გამყრელიძის განცხადებით,ხვალიდან ახალი კორონავირუსის დადგენა საქართველოში იქნება შესაძლებელი.
მისივე ინფორმაციით, ქართულ მხარეს პარტნიორებთან ჰქონდა მოლაპარაკება, რის შედეგადაც გადაწყდა, რომ საქართველო მიიღებს შესაბამის ტესტებს, რომელთა საშუალებით, ახალი კორონავირუსის დიაგნოსტირიება საქართველოშიც გახდება შესაძლებელი.
„მაქვს ინფორმაცია, რომ უკვე ხვალიდან ჩვენ, 99,99 პროცენტით, გვექნება ლაბორატორიული საშუალება ლუგარის ცენტრში ამის დასადგენად. ჩვენს პარტნიორებთან იყო მოლაპარაკება და გვექნება ყველაფერი, რაც საჭიროა ამ ქვეტიპის საბოლოო ლაბორატორიული დიაგნოსტირებისთვის. შესაბამისად, აღარ იქნება აუცილებლობა სინჯების რეფერალურ ცენტრებში გადაგზავნის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამასთან, როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა,საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში სამი პაციენტია დაკვირვების ქვეშ. ისინი საქართველოში გამოკვლეული არიან 22 რესპირატორულ ვირუსზე, ორი ადამიანის სინჯები კი, გადაგზავნილია როტერდამში.









