“ოპონენტებს დიალოგის მაგიდასთან ვიწვევთ”-მამუკა მდინარაძე

  უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ოპოზიციას დიალოგის განახლებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ განცხადება მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

„პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სახელით, ოპონენტებს დიალოგის მაგიდასთან ვიწვევთ, რადგან მიგვაჩნია, რომ დიალოგს და კონსენსუსს ალტერნატივა არ გააჩნია. ეს არის როგორც საზოგადოების მოლოდინი, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაცია, რაც პროცესების სტაბილიზაციასა და არსებული გამოწვევების მშვიდობიანი, კონსტრუქციული გზით გადაწყვეტას გულისხმობს. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ჩვენ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, აშშ-ს საელჩოს, რომელიც როგორც ოპოზიციას, ასევე ჩვენც მოგვიწოდებს დიალოგისკენ და კვლავაც მზად არის ერთგვარი შუამავლის როლი შეასრულოს პოლიტიკური დიალოგის პროცესში”,-აღნიშნა მდინარაძემ.

მდინარაძის განცხადებით, მმართველი გუნდი ამერიკის საელჩოს გულისტკივილს უერთდება, იმის შესახებ,რომ სასამართლოს მიერ გიგი უგულავას მიმართ გამოტანილი განაჩენისა და თავისუფლების აღკვეთის დრო საარჩევნო სისტემის შესახებ დიალოგს დაემთხვა. 

„ვფიქრობთ, ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი ვალდებულია, ჩაერთოს დიალოგის პროცესში დეესკალაციისა თუ კონსენსუსის მიღწევისთვის ოპტიმალური გზა იპოვოს ყველამ. ასევე, გვსურს ცალსახად და მკაფიოდ დავაფიქსიროთ, რომ პოლიტიკა დანაშაულის ჩამდენი პირებისთვის თავშესაფარი და ინდულგენცია ვერ იქნება. „ქართული ოცნების“ გაცხადებული პოლიტიკაა, რომ სამოხელეო დანაშაულის, განსაკუთრებით კი გადასახადის გადამხდელთა თანხების არამიზნობრივად გამოყენებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს რეაგირება იყოს უკიდურესად მკაცრი და შეურიგებელი. სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ დაამკვიდრა ქვეყანაში მაღალი სტანდარტი, რომ საბიუჯეტო თანხების უკანონოდ განკარგვას თუ ნებისმიერ სხვა მსგავს დანაშაულზე იყოს ერთგვარი მიდგომა, ყველა პირი კანონის წინაშე თანასწორია და მსგავს დანაშაულზე პირველ რიგში ჩვენი გუნდის წევრები აგებენ ხოლმე პასუხს“,-აცხადებს მდინარაძე.

 უმრავლესობის ლიდერმა ბრიფინგზე,კონტრარგუმენტად მაღალჩინოსნების დასჯის მაგალითებიც მოიყვანა . კერძოდ, მდინარაძემ ერთ-ერთ მაგალითად, ბათუმის მერი განიხილა , რომელიც კორუფციის ბრალდებით დააკავეს. რაც შეეხება გიგი უგულავას საქმეს,მდინარაძის თქმით, ეს შემთხვევა არ არის გამონაკლისი, არამედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების უკომპრომისო დამოკიდებულება სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის მიმართ.

„ოპონენტების კრიტიკა არის მათი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილია, ეს გასაგებია, ხოლო თუ მათ რეალურად მიაჩნიათ, რომ სასამართლოში გიგი უგულავას რომელიმე უფლება დაირღვა და მას უსამართლო განაჩენი გამოუტანეს, შეუძლიათ საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრონ. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ ოპონენტებს, შეწყვიტონ სამართლებრივი პროცესის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენება და დიალოგის პროცესს დაუბრუნდნენ”,-აცხადებს მდინარაძე.