პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1998 წელს დაბადებული დ.მ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე დააკავეს. დანაშაული 5-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 1 ფირფიტა ნარკოტიკული საშუალება „ლსდ“ და 3 შეკვრა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ნივთმტკიცებად ამოიღეს. დ.მ.-ს საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას კი ნივთმტკიცებად ამოღებულია 553 აბი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“, 470 ფირფიტა ნარკოტიკული საშუალება „ლსდ“, 3 შეკვრა „მეტადონის ფუძე“ და 1 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „მდმა“.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 273-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.