“რომპეტროლი” საქმიანობას ექსპლუატაციაში შესვლის გარეშე ახორციელებს

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე არსებულ გაზგასამართ სადგურს, რომელიც წლების განმავლობაში მიმდებარე კორპუსის მცხოვრებლების პროტესტის საგანი არაერთხელ გამხდარა, უკვე ერთი წელია ბენზინგასამართი სადგური „რომპეტროლი“ შეუერთდა და ობიექტი საქმიანობას ექსპლუატაციაში შესვლის გარეშე ახორციელებს.

სადგური მოსახლეობას საფრთხეს ყოველდღიურად უქმნის. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ობიექტს მხოლოდ გაზგასამართი ფუნქცია ჰქონდა, მოსახლეობამ ადგილობრივ ხელისუფლებას უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო, არაერთხელ მიმართა, თუმცა საკითხზე რეაგირება არც ერთ შემთხვევაში არ მომხდარა.

“რატომ ფუნქციონირებს კომბინირებული სადგური ნებართვის გარეშე?” – ამ კითხვით ქრონიკამ რუსთავის მერიის არქიტექტურის სამსახურს მიმართა. სამსახურის ხელმძღვანელის, ეკა პაპუაშვილის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ობიექტი ექსპლუატაციაში შესული არ არის, სადგურს საქმიანობის უფლება მაინც აქვს.

მისივე თქმით, იმისათვის, რომ ობიექტი ექსპლუატაციაში შევიდეს, კომბინირებულ სადგურსა და საცხოვრებელ კორპუსს შორის დამცავი კედელი უნდა აშენდეს, რომლისთვისაც კომპანიას ვადა მიმდინარე წლის 6 მარტამდე აქვს.