მერია მსურველებს სერვისცენტრებში სასწავლო პრაქტიკის გავლას სთავაზობს

 რუსთავის მერია მსურველებს ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ სერვისცენტრებში სასწავლო პრაქტიკის გავლას სთავაზობს. 

მუნიციპალიტეტის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,პროფესიული გამოცდილების შეძენისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით,დაინტერესებულ პირებს  შესაძლებლობა ეძლევათ, გაიარონ  სასწავლო პრაქტიკა საქმისწარმოებისა და სერვისების განვითარების მიმართულებით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ სერვისცენტრებში.

ამასთან, მუნიციპალიტეტის ცნობით,პრაქტიკის გასავლელად დაიშვებიან საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულები/დამამთავრებელი კურსის სტუდენტები.

დაინტერესებულმა პირებმა,პრაქტიკის გავლის მიზნით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა მიმართონ.

ცნობისთვის,განაცხადს უნდა ერთვოდეს შემდეგი საბუთები:

ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის  შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან);

ბ) ავტობიოგრაფია;

გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

რუსთავის მერიის განცხადებაში აღნიშნულია,რომ პრაქტიკის მიზანია სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა პროფესიული მომზადების ხელშეწყობა, სასწავლო პროცესში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკული საქმიანობით განმტკიცება,  პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება. პრაქტიკის ვადა  1-დან-6 თვემდე განისაზღვრება . კანდიდატების შერჩევა  გასაუბრების საფუძველზე მოხდება,პრაქტიკის პერიოდი არ ანაზღაურდება.

განცხადებების მიღების ვადა 2020 წლის 10 თებერვლიდან 2020 წლის 10 მარტის ჩათვლით განისაზღვრა.