რუსთავის სასამართლომ ნარკოტიკის შეძენა-შენახვაში ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

  რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებული თ.ა. დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. 

მათივე ცნობით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 2 მაისს, გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისში, თ.ა. უკანონოდ ინახავდა, ასევე უკანონოდ შეძენილ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებას – 12.32 გრ. ჰეროინს.

“სამართალდამცველებმა თ.ა. 2019 წლის 2 მაისს, გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

რუსთავის საქალაქო სასამართლომ თ.ა. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”-ნათვქმია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში