დავით მუმლაძის მკვლელობა-რუსთავის საქალაქო სასამართლომ საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

რუსთავის საქალაქო სასამართლომ, 35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობის, ჯგუფურად უკანონო თავისუფლების აღკვეთისა და უკანონო თავისუფლების აღვეთის ხელშეწყობაში ბრალდებული ექვსი პირის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. პირველი სხდომა დღეს გაიმართა.

ბრალდებულები ზურაბ ჯღარკავა, გიორგი ასათიანი, დავით მიროტაძე, მიხეილ ღუბიანური, დიმიტრი დუღაშვილი და გიორგი გეთაშვილი თავს დამნაშავედ არ სცნობენ და დუმილის უფლებით სარგებლობენ.

უფლებადამცველების განცხადებით,საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება,რომელიც მათი დაცვის ქვეშ მყოფების ბრალეულობას დაამტკიცებს.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ  დამატებითი მტკიცებულებები წარადგინა. კერძოდ, სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ზურაბ ჯღარკავას სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნები წარადგინა, რაც მოსამართლემ დასაშვებად სცნო.

სამართალდამცავებმა, დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე 5 პირი გასული წლის 7 ოქტომბერს დააკავეს, მათ შორის, მოქმედი და ყოფილი პოლიციელები. ზურაბ ჯღარკავაზე კი ძებნა გამოცხადდა, ის სამართალდამცავებმა 2 იანვარს წითელი ხიდის სასაზღვრო გამშვები პუნქტთან, მდინარის პირას დააკავეს.