დღეს გამართულ სხდომაზე საკრებულოს წევრებმა მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ იმსჯელეს.
როგორც დღეს გახდა ცნობილი, იურიდიული პირებისათვის ,რომლებიც ქალაქში სხვადასხვა პროფილის საქმიანობას აწარმოებენ, დასუფთავების გადასახადი იზრდება.
კერძოდ, გაზრდილი გადასახადი ოფისებს, სააგენტოებს, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციებს, ბანკებს,საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციებს, ავტოგასამართ სადგურებს, აფთიაქებს, სამრეწველო საქონლის მაღაზიებს, საიუველირო, ანტიკვარიატის და ზოო მაღაზიებს, ვეტერინარული ცენტრებს, სატრანსპორტო საშუალებების სარემონტო და სამრეცხაო სადგურებს, ტექ. მომსახურების ადგილებს, შავი და ფერადი ლითონების მიმღებ პუნქტებს შეეხოთ.
როგორც დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, ტარიფების მატების ინიციატივა აღნიშნული ტიპის სამეწარმეო საქმიანობის მქონე იურიდიული პირების მიერ წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ზრდით მომდინარეობს, ტარიფები კი მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე განისაზღვრა.
ამასთან, ადმინისტრირებისა და ცდომილებების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, ფიზიკური პირებისათვის (მოსახლეობა) დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვა მოხდება საჯარო რეესტრის სააგენტოში რეგისტრირებულ მისამართზე და იმ ბინებზე, სადაც არავინაა რეგისტრირებული და დასტურდება ცხოვრების ფაქტი, მოსაკრებლის დარიცხვა მოხდება ფაქტობრივად მცხოვრებ პირთა რაოდენობის მიხედვით, თვეში არაუმეტეს 4 სულზე.
იმ საცხოვრებელ ფართებზე, სადაც არ არის რეგისტრირებული არც ერთი ფიზიკური პირი, ცხოვრების ფაქტი ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების მიერ დადასტურდება.









