ბავშვთა მიმართ ძალადობის კუთხით საქართველოში საგანგაშო სტატისტიკა ფიქსირდება. სტატისტიკის თანახმად, გამოკითხული 14 ათასი ადამიანის 69% ამბობს, რომ ბავშვების აღზრდაში ძალადობრივ ფორმებს იყენებს. ანუ ყოველი მესამე მშობელი ბავშვზე ძალადობს.
საქსტატის სოციალური გამოკითხვის მიხედვით ირკვევა, რომ გამოკითხულთა 66% შვილებზე ფსიქოლოგიურად ძალადობს, 31% კი ფიზიკურად. სოციალური გამოკითხვა Unicef-ის საქართველოს ოფისმა მრავალინდიკატორულ კლასტერულ კვლევაში გამოიყენა.
აღსანიშნავია,რომ ჩატარებული კვლევა 20-მდე მიმართულებას გულისხმობს, რომელშიც ერთ-ერთი თავი ბავშვის აღზრდას ეთმობა. გამოკითხვის შედეგებით ირკვევა, რომ ოჯახში ფიზიკური ძალადობა ფსიქოლოგიური ძალადობის ხარჯზე შემცირდა.
ამასთან,სახალხო დამცველის აპარატი მიიჩნევს, რომ მთავარი გამოწვევა ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენცია, დანაშაულის გამოვლენა და შემდგომ შესაბამისი უწყებების მხრიდან ეფექტური რეაგირებაა.
ამასთან,2019 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბავშვთა მიმართ ძალადობაში 110 მშობელი ამხილა. 15 შემთხვევაში მოძალადე იყო დედა, ხოლო 95 შემთხვევაში – მამა ან მამინაცვალი. 37 შემთხვევაში შემაკავებელი ორდერი გამოიცა არასრულწლოვნის მოუვლელობის, ანტისანიტარიულ გარემოში ყოფნის ან მავნე ჩვევების ხელშეწყობის ფაქტზე.