საკითხი რთულია და მოგვარებას წლები დასჭირდება-მინისტრი რუსთავში გარემოს დაბინძურებაზე

 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, „რუსთავის აზოტში“ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას 4 მილიონი ევრო მოხმარდება. დავითაშვილის ცნობით, ფინანსურ დახმარებას მთავრობა გერმანიის გარემოს დაცვის სამინისტროსგან, რომელიც საწარმოო პროცესის შედეგად წარმოქმნილი გაზების გარემოში მოხვედრას შეამცირებს.

„ჩვენ ავიღეთ უპირობო ვალდებულება, რომ ქვეყანაში სათბური გაზების ემისიების ზრდას შევამცირებთ. გერმანიის გარემოს დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, მივიღებთ მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას, რომელიც საშუალებას მოგვცემს, აზოტმჟავას წარმოების შედეგად წარმოქმნილი გაზების გარემოში მოხვედრა მინიმუმამდე შემცირდეს“ – განაცხადა მინისტრმა

საქართველო, შეუერთდა  ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნებში აზოტმჟავას მწარმოებელი კომპანიები კლიმატის ცვლილების გამომწვევი აზოტის ოქსიდის  შთანთმქავი ტექნოლოგიით აღჭურვოს .

„აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია იმ მოცემულობაში, როცა ჩვენ რუსთავის ჰაერის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ვმუშაობთ. უკვე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, ასევე შეიქმნა საინიციატივო ჯგუფთან მჭიდრო თანამშრომლობის ფორმატი იმისათვის, რომ პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე. საკითხი რთულია და მის მოგვარებას რამდენიმე წელი დასჭირდება. კონკრეტული შეთანხმებით, რომელიც დღეს მთავრობამ მოიწონა, მივიღებთ 2 მილიონი ევროს დაფინანსებას გერმანიის მთავრობიდან. სააქციო საზოგადოება „რუსთავის აზოტი“ დამატებით დააფინანსებს მეორე 50 %-ს, საბოლოოდ, საწარმოში 4 მილიონი ევრო მოხმარდება ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, რომელიც ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევებს მინიმუმამდე დაიყვანს. „რუსთავის აზოტის“ მიერ აზოტმჟავას წარმოების პროცესის დროს წარმოქმნილი სათბურის ეფექტის მქონე ემისიები ქვეყნის მთლიანი სათბურის ეფექტის მქონე გაზების ემისიების დაახლოებით 4-5 %-ს შეადგენს. ქალაქ რუსთავისთვის ეს იქნება მნიშვნელოვანი გარღვევა. რუსთავის ჰაერთან მიმართებაში გვექნება კომპლექსური მიდგომა, ისევე, როგორიც ჩვენ გვაქვს თბილისის ჰაერის ხარისხის მართვასთან დაკავშირებით. შედეგად, ეტაპობრივად, მოგვარდება არსებული პრობლემები“, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.