2019 წელს (2014-2018 წლის) მონაცემით საქართველოს გლობალური შიმშილის ინდექსში ჰქონდა 9.2 ქულა; მაშინ როცა 2010 წელს (2008-2012 წლის) მონაცემით საქართველოს 8.4 ქულა ჰქონდა.
ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატები” საზოგადოებაში მიმდინარე დისკუსიას ეხმაურება, რომელიც ბავშვთა სიღარიბის თემაზე გამოთქმულ შეხედულებებს შეეხება და აღნიშნავს, რომ ციფრებით მანიპულირება, ვერც პრობლემას აგვარებს და ვერც ბავშვებს შველის, ხშირ შემთხვევაში, ადგილი აქვს საზოგადოებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებას, მათ შორის არ ხდება საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნების იმ ხარისხში განხილვა, რომელიც მეტყველებს განსხვავებულ სინამდვილესა და დინამიკაზე.
სააგენტოს 2019 წლის მონაცემების მიხედვით, საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობაა: 0-6 წლამდე პირები – 46 300 და 6-18 წლამდე პირები – 103 913. მთლიანობაში – 150,213 არასრულწლოვანი, სააგენტოს 2017 წლის მონაცემების მიხედვით, საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა კი შეადგენდა: 149,857 არასრულწლოვანს. კერძოდ, 0-6 წლამდე პირები – 47 314 და 6-18 წლამდე პირები – 102 543.
გლობალური შიმშილის ინდექსი (გში) არის ხელსაწყო, რომელიც შიმშილის დონეს გლობალურ, რეგიონალურ და ეროვნულ დონეზე ზომავს. შედეგების დათვლა და გამოქვეყნება ხდება ყოველწლიურად, რათა განისაზღვროს პროგრესი და რეგრესი შიმშილთან ბრძოლის საკითხში. გლობალური შიმშილის ინდექსი მიზნად ისახავს, რომ გაზარდოს ცნობადობა შიმშილთან ბრძოლის პრობლემასთან დაკავშირებით, მოგვაწოდოს გზა, რათა შევადაროთ შიმშილის დონეები სახელმწიფოებსა და რეგიონებს შორის და ყურადღება მივაპყროთ მსოფლიოს იმ გეოგრაფიულ ადგილმდებარეობებს, სადაც შიმშილის ინდექსი არის მაქსიმუმ დონეზე და სადაც საჭიროა დამატებითი ძალისხმევა შიმშილის მოსპობასთან დაკავშირებით.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ შეისწავლა გლობალური შიმშილის ინდექსის მონაცემი საქართველოსთან მიმართებით, რომლის თანახმადაც, 2019 წლის მონაცემით, საქართველო იკავებს 39-ე ადგილს 117 მონაწილე სახელმწიფოდან. უპირველეს ყოვლისა, ყოველი სახელმწიფოსთვის განსასაზღვრი ღირებულება ეფუძნება ოთხ ფაქტორს:
- კვების ნაკლებობა: მოსახლეობა, რომელიც არასაკმარისად იკვებება;
- ბავშვის შიმშლის დონე: 5 წლამდე მოშიმშილე ბავშვები;
- ბავშვის ზრდის შეჩერება: ზრდა შეჩერებული 5 წლამდე ბავშვები;
- ბავშვის სიკვდილიანობა: 5 წლამდე სიკვდილიანობა.