სუსი საოკუპაციო ძალების ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე პროვოკაციული ქმედების შესახებ იტყობინება

სუსი საოკუპაციო ძალების ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე პროვოკაციული ქმედების შესახებ იტყობინება. უწყების ინფორმაცით, 14 თებერვალს, დაახლოებით 20:00 საათზე, ოკუპირებულ სოფელ ორჭოსანთან, უკანონოდ დისლოცირებული საოკუპაციო ძალების ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენჯერმე განხორციელდა მანათობელი (სასიგნალო) მაშხალის გასროლა.

აღნიშნული ფაქტი ჩანდა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, რაც პოლიციის საპატრულო ჯგუფის მიერ დაფიქსირდა. მსგავსი უკანონო აქტივობები პროვოკაციულია და  ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს აზიანებს. ამ საკითხთან  დაკავშირებით, სუს-ის მიერ გააქტიურებულია ცხელი ხაზი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით – ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.