საქართველოს უზენაესმა სასამართლომ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე დამნაშავედ ცნო. უგულავას უფლებადამცველის ინფომრმაციით, უზენაესმა სასამართლომ უგულავას სამი წლითა და ორი თვით პატიმრობა მიუსაჯა.
ბექა ბასილაიას თქმით, სასამართლომ გადაწყვეტილება 9-წლიან პატიმრობაზე მიიღო, თუმცა ამნისტიის კანონის შესაბამისად და იმის გათვალისწინებით, რომ სამი წელი სხვა საქმეზე აქვს პატიმრობა მოხდილი, მოსახდელად სამი წლითა და ორი თვით პატიმრობა დაეკისრა.
ე.წ. ფონდის საქმეზე გიგი უგულავას სახელმწიფო ბრალდება თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება. აღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავას 2018 წლის 28 თებერვალს ერთი წლითა და სამი თვის ვადი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ეს სასჯელი სხვა საქმეზე დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა.
საქმესთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა უზენაესმა სასამართლომ.
„საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი გ. ს; გ. უ; დ. ა; ა. თ; და დ. ა. მიმართ წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით და ნაწილობრივ დააკმაყოფილა:
გ. ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით 6 თვით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.
გ. უ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით, 2 თვითა და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა.
დ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით 4 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.
ა. თ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
დ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით 4 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება“.-ნათვქამია განცხადებაში