“უწყებათაშორის საბჭოს მინდა დავავალო, რომ მოქალაქეების ყოველდღიური ინფორმირებულობა უზრუნველყოს”

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საბჭოს ხელმძღვანელობას ახალი ტიპის კორონავირუსთან დაკავშირებით, საზოგადოების ყოველდღიური ინფორმირებულობა დაავალა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა სრულად აკონტროლებს პროცესს და ამ გლობალურ გამოწვევას ეფექტურად უმკლავდება.

„მე რაც მოვისმინე ბოლო ორი დღის განმავლობაში, მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენი მთავრობის, ჯანდაცვის სისტემის ძირითადი ამოცანაა, დროული გამოვლენა, ხოლო, ჩვენი, როგორც მოქალაქეების ძირითადი ამოცანაა, პირადი ჰიგიენის ელემენტარული წესების დაცვა. რაც რთული არ არის. ვფიქრობ, ჩვენ ამ გამოწვევასაც გავუმკლავდებით ყველანი ერთად წყნარად, მშვიდად.

მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს მთავრობა ახორციელებს ყველა პრევენციულ ნაბიჯს და სრულად აკონტროლებს მიმდინარე პროცესს. კიდევ ერთხელ უწყებათაშორის საბჭოს თითოეულ წევრს მინდა ვთხოვო და საბჭოს ხელმძღვანელობას დავავალო, რომ შეიქმნას სპეციალური მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეების ყოველდღიურ ინფორმირებულობას იმისთვის, რომ არ იყოს არანაირი კითხვის ნიშნები დარჩენილი პასუხების გარეშე, მით უმეტეს მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობა სრულად აკონტროლებს პროცესს და ჩვენ საკმაოდ ეფექტურად ვუმკლავდებით ამ გლობალურ გამოწვევას“, – განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ დაადასტურა. ინფიცირებული 50 წლამდე ქართველი მამაკაცია, რომელიც სამშობლოში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით დაბრუნდა. ის ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მინისტრის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.