ჩინეთიდან ჩამოყვანილი საქართველოს 34 მოქალაქე ორკვირიან კარანტინს გაივლის

ჩინეთიდან ევაკუირებული საქართველოს 34 მოქალაქე, რომელთა შორის 2 ბავშვია, საჩხერის სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში მოათავსეს.

საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით ისინი 14 დღის განმავლობაში დაკვირვების ქვეშ იქნებიან. 

 ექიმების განცხადებით,  იმასთან დაკავშირებით, რომ ჩინეთიდან ჩამოყვანილ პირებს, შესაძლოა, კორონავირუსი ჰქონდეთ, პანიკის საფუძველი არ არსებობს. მათი თქმით, სასტუმროში მოთავსებულებს უკვე მიეცათ ინსტრუქცია და საჭიროების შემთხვევაში უკვე მომზადებულია სამედიცინო პერსონალი.

ტერიტორიას სამართალდამცველები აკონტროლებენ, გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.

აღსანიშნავია, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მოქალაქეებს მედიკოსებისგან შემდგარი ჯგუფი დახვდა. აეროპორტში შემოწმებისას არც ერთ პირს კორონავირუსთან დაკავშირებული სიმპტომები არ დაუფიქსირდა.