წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ გუმბათში არსებული რძის გადამამუშავებელი საწარმო ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა და წალკის მუნიციპალიტეტის მერმა, ილია საბაძემ მოინახულეს.
თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო ვალერი კახაძემ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შექმნა. საწარმოში ჯამურად 500 000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 170 000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, ხოლო დარჩენილი თანხა ბენეფიციარის და საერთაშორისო ორგანიზაცია Mercycorp-ის ინვესტიციაა.
ადგილზე დღეში საშუალოდ 7-8 ტონა რძე გადამუშავდება და მზადდება სამი სახეობის ყველი: ქარხნული, სულგუნი და იმერული. საწარმოში 24 ადგილობრივია დასაქმებული.
აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონში 23 ახალი საწარმო ამოქმედდა. სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა, წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის.
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო „ერთიან აგროპროექტს“ ახორციელებს, რომელიც გრძელვადიან განვითარებაზეა გათვლილი და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას შეუწყობს ხელს.