ბაღდათის მუნიციპალიტეტში ხანძრის ადგილზე პოლიცია და მაშველები ამ დრომდე იმყოფებიან. ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად დედაქალაქიდან ექსპერტ-კრიმინალისტებს ელოდებიან.
შემთხვევის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი-მეზობლების ინფორმაციით, სახლში ელექტროენერგია არ იყო და ხანძარი, სავარაუდოდ, ბუხარში დანთებულმა ცეცხლმა გამოიწვია.
ხანძარს შემთხვევით გადაურჩნენ ბავშვების მამა და ბებია. როგორც ცნობილი ხდება, ისინი ტრაგედიის დროს მაღაზიაში იმყოფებოდნენ, უკან დაბრუნებულებმა კი ოჯახის წევრების გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
ამასთან, ოჯახი მიტოვებულ სახლში რამდენიმე დღის წინ შესახლდა. მათ ერთი კვირის წინ ოჯახის წევრი გარდაეცვალათ, რის შემდეგაც ბაღდათში, წერეთლის ქუჩაზე მიტოვებულ სახლში გადმოვიდნენ.
ხანძარი, რომელსაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, წუხელ გვიან ღამით მოხდა. დაღუპულია დედა ოთხ მცირეწლოვან შვილთან ერთად. არსებული ინფორმაციით, ქალი ფეხმძიმედ იყო. კიდევ ერთი გარდაცვლილი ქალი ოჯახის ახლობელია.