ხელისუფლება სამუშაო საათების მაქსიმალური ოდენობის განსაზღვრას აპირებს

 ხელისუფლება დღისა და კვირის განმავლობაში  შესვენებისა და დასვენების დროის მაქსიმალური ოდენობის განსაზღვრას აპირებს. ამის შესახებ პარლამენტის 2020 წლის საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებულ საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია აღნიშნული.

“განისაზღვრება დირექტივის შესაბამისად დღისა და კვირის განმავლობაში სამუშაო საათების, შესვენების და დასვენების დროის მაქსიმალური ოდენობა, რეგულირდება ღამით მუშაობა და ღამით მომუშავეების ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება”-ნათქვამია გეგმაში.

გეგმის თანახმად, 2020 წელს შრომის, დასაქმებისა და სოციალური დაცვის სფეროში 11 დირექტივის ტრანსპოზიცია ქართულ კანონმდებლობაში უნდა დასრულდეს.

მათ შორის განსახორციელებელი ცვლილებების მიხედვით, უზრუნველყოფილი იქნება თანასწორი მოპყრობის პრინციპის დაცვა ვადიანი ხელშეკრულებით და არასრულ სამუშაო განაკვეთზე მომუშავე დასაქმებულთათვის; ასევე, აიკრძალება სქესობრივი ნიშნით დისკრიმინაცია, უზრუნველყოფილი იქნება თანაბარი შრომისთვის თანაბარი ანაზღაურება და სხვა.

გეგმის თანახმად, დასაქმებულისთვის დაცვის დამატებითი გარანტიები შეიქმნება.  განისაზღვრება დამსაქმებლის ვალდებულება, დროულად მიაწოდოს ინფორმაცია დასაქმებულებს შრომის არსებითი პირობების ან მათი ცვლილების შესახებ.

ანისაზღვრება შესაბამისი სანქციები შრომის კანონმდებლობის დარღვევაზე.