გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა პირველი მარტიდან იკრძალება.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, აკრძალულ პერიოდში ნადირობის შემთხვევაში, პირს შესაბამისი საჯარიმო სანქციის გადახდა მოუწევს. ზოგ შემთხვევაში, მოხდება მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის კონფისკაცია, ასევე შესაძლებელია, პირს სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლებაც ჩამოერთვას. ფრინველის უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში, საჯარიმო თანხას გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხაც ემატება. თუ მოპოვებული ნანადირევით გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, პირის მიმართ შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.
ნადირობის სეზონი მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში გაიხსნება.