სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ჯანდაცვის სამინისტროს რეგიონული სამმართველოს ახალი უფროსი წარადგინეს.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროების უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა, ბესარიონ სიმონიშვილმა ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ახალი უფროსი გოჩა მესტვირიშვილი წარადგინა.
ღონისძიების ფარგლებში ქვემო ქართლის რეგიონში ეკომიგრანტებისა და დევნილთა განსახლების საკითხებზე იმსჯელეს. განიხილეს საცხოვრებელი ფართების შექმნისა და არსებული ბინების დაკანონების საკითხი.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ სამინისტრო “მენაშენეების პროგრამის ფარგლებში” დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, რუსთავში საცხოვრებელი ბინების შეძენას გეგმავს.
ღონისძიებას ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.









