ჯარში ათეულის მეთაურმა რიგითს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 

უწყების ცნობით, მიმდინარე გამოძიებით დგინდება, რომ ლოჯისტიკურ სარდლობას დაქვემდებარებულ ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში ათეულის მეთაურმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სხვა ათეულის რიგითს.

„კონფლიქტის მიზეზი ათეულის მეთაურის მიერ რიგითისთვის მიცემული შენიშვნა გახდა. მიუხედავად იმისა, რომ რიგითის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და გარეგნული დათვალიერებით არ აღენიშნებოდა არავითარი დაზიანება, პრევენციის მიზნით ის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც დეტალური სამედიცინო შემოწმება გაიარა , რის შემდეგადაც ექიმის დასკვნის საფუძველზე, ის მაშინვე გაწერილ იქნა აღნიშნული დაწესებულებიდან“,- აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყებაში განმარტავენ, რომ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში თავდაცვის სამინისტრო ატარებს შესაბამის მოქმედებებს და გამოძიების შედეგების შესაბამისად გაატარებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა ზომას.