2020 წელს საქართველოს მუნიციპალიტეტებში 26 “საქმიანი ეზო” მოეწყობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ე.წ. „საქმიანი ეზო“ მოეწყობა. 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს  ცნობით, ტყითსარგებლობის პროცესის გაუმჯობესების მიზნით, ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადების პრაქტიკას ცვლის.

“სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება, სააგენტო ორგანიზებულად განახორციელებს ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებას და დასაწყობებას „საქმიან ეზოებში“. აღნიშნული ცვლილება გაუადვილებს მოსახლეობას და კერძო სექტორს ხე-ტყის შეძენას და ტრანსპორტირებას, მათთვის სასურველ პერიოდში.

მოსახლეობის სათბობი შეშით დაკმაყოფილების გარდა, რაც ამ ეტაპზე სოციალური ჭრების ფარგლებში ტყეკაფების გამოყოფას გულისხმობს, სააგენტო აგრძელებს საკუთარი ძალებით, კერძო სექტორის ჩართულობით, ორგანიზებული ხე-ტყის დამზადების სამუშაოებს ყველა რეგიონში.

ამჟამად სამუშაოები 11 ობიექტზე მიმდინარეობს. 

არსებული ინფორმაციით  წლის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით სულ 26 „საქმიანი ეზო“ მოეწყობა. შედეგად, ტყითსარგებლობა მერქნული რესურსის დამზადების მიზნით, გაცილებით ეფექტურად განხორციელდება, შემცირდება ტყეზე უარყოფითი ზემოქმედება, ასევე, არსებითად შემცირდება უკანონო ჭრების რისკები.